ეკატერინე ლომია

asd

ამერიკის დამოუკიდებლობის დღე: ქვეყნის ყველაზე დიდი ეროვნული დღესასწაული

ეკატერინე ლომია

პოლიტიკის მეცნიერების დოქტორი


მიმდინარე წლის 4 ივლისს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დამოუკიდებლობის დღის 244-ე წლისთავი აღნიშნა. მსოფლიოში კორონავირუსით პანდემიით გამოწვეული სიტუაციის გათვალისწინებით, აშშ-ის ყველაზე მნიშვნელოვანმა ეროვნულმა დღესასწაულმა, ჩვეული პომპეზურობის, მასობრივი სანახაობებისა და მხიარული აღლუმების გარეშე ჩაიარა. მიუხედავად ამისა, თითქმის ყველა პატრიოტი ამერიკელის ოჯახში მოკრძალებულად აღინიშნა ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე საამაყო თარიღი, საიდანაც დაიბადა დიადი ამერიკის, როგორც  თავისუფლების, სტერეოტიპების მსხვრევისა და ოცნებების ახდენის რომანტიზებული იდეა. უილიამ სეფირის პოლიტიკურ ლექსიკონში „ამერიკული ოცნება“ განმარტებულია როგორც „თავისუფლების და შესაძლებლობების იდეალი,  რომელთა ფორმირებაც დამფუძნებელმა მამებმა მოახდინეს. თუ ამერიკული სისტემა არის ამერიკული პოლიტიკის საყრდენი, ამერიკული ოცნება მისი სულია“. ჯეიმს ადამსის ისტორიულ ტრაქტატში „The epic of America” ვკითხულობთ: „...ამერიკული ოცნება ეს არის ოცნება, რომელშიც ყველა ადამიანის ცხოვრება იქნება უფრო უკეთესი, უფრო მდიდრული და უფრო აღსავსე, სადაც ყველას ექნება საშუალება მიიღოს ის, რასაც იმსახურებს“. მეორე მხრივ, აღნიშნული შეხედულება ავითარებს მშრომელი, მიზანდასახული ადამიანის პრიმატს და ხაზს უსვამს, რომ ამერიკა მას საკუთარი მიზნების რეალიზებაში უწყობს ხელს, რაც,  რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა, სწორედ ამავე ადამიანის დაუღალავი შრომით მიიღწევა.

აშშ-ის ისტორიული ქრონოლოგია 1776 წლის 4 ივლისით იწყება, როდესაც მეორე კონტინენტური კონგრესის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შედეგად დიდი ბრიტანეთის 13 კოლონია იმპერიული ინგლისისგან დამოუკიდებლობას აცხადებს. კოლონიალიზმის ეპოქის დასაწყისი ჯერ კიდევ XV საუკუნის შუა-ხანებიდან მიიჩნევა, როდესაც დიდებული აღმოსავლეთ რომის (ბიზანტიის) იმპერიის დაცემისა და ოსმალეთის იმპერიის მიერ კონსტანტინოპოლის აღების შემდეგ ევროპელთა მიერ ზღვის მარშრუტებით ალტერნატიული სავაჭრო გზების ძიება იწყება. ამავე პერიოდში ევროპელმა მოგზაურებმა აღმოაჩინეს და გამოიკვლიეს მრავალი ახალი მიწა.  დაიწყო კოლონიური იმპერიების აღზევება, როგორც იმპერიული ქვეყნების მიერ ეკონომიკურად განუვითარებელი ან ნაკლებად განვითარებული და ჩამორჩენილი ქვეყნების დამორჩილების პოლიტიკა. პორტუგალია, ესპანეთი, საფრანგეთი, დიდი ბრიტანელი, ბელგია, იტალია და ნიდერლანდები უდიდეს კოლონიებს ფლობდნენ მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში. მათ შორის განსაკუთრებით გამოირჩეოდა დიდი ბრიტანელი. იმპერია, რომლის „ოქროს ხანაში“ მზე არასდროს ჩადიოდა (ინგ. The empire on which the sun never sets). იმდენად ვრცელ ტერიტორიაზე იყო წარმოდგენილი ბრიტანული კოლონიები, რომ იმპერიის, სულ მცირე, ერთ ნაწილში მაინც მზე მუდმივად ანათებდა.

XVI საუკუნის მიწურულში, როდესაც ევროპელი ზღვაოსნები ოკეანეებს სერავენ და შორეულ საზღვაო ექსპედიციებს აწყობენ, ამერიკის კონტინენტზე ერთმანეთისგან განსხვავებული ტომები ცხოვრობდნენ, რომლებიც, ძირითადად, ნადირობითა და თევზჭერით ირჩენდნენ თავს. ჩრდილოეთ ამერიკის სამხრეთ ნაწილში  განსაკუთრებით შეინიშნებოდა მექსიკელ ინდიელთა ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი ტომის - აცტეკების იმპერიის დიდი გავლენა.

დიდი ბრიტანეთის მიერ ჩრდილოეთ ამერიკის კოლონიზაცია  ჯეიმს I-ის დროიდან იწყება. ატლანტის ოკეანის სანაპიროზე დაარსებულ პირველ ბრიტანულ კოლონიას ვირჯინია ერქვა. მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად ინდიელი ტომები ინგლისელი კოლონიზატორების მიმართ დადებითად განეწყვნენ და დამპყრობელს სიმინდის, ბრინჯისა და თამბაქოს მოყვანასაც კი ასწავლიდნენ, მოგვიანებით ინგლისელებმა ადგილობრივი ინდიელები თავიანთი სამოსახლოებიდან განდევნეს და ხშირად ძალისმიერი გზებითაც ცდილობდნენ მათ დამორჩილებას. ამასთან, ბრიტანეთს გამუდმებით ეომებოდა ესპანეთი და ნიდერლანდები, რომლებიც კოლონიების მიტაცებასა და ჩრდილოეთ ამერიკის ტერიტორიაზე პირველობის შენარჩუნებას ცდილობდნენ.

თანდათან ვითარება მკვეთრად დაიძაბა ადგილობრივ ინდიელებსა და პლანტატორებს შორის. ვინაიდან ინგლისელი მმართველები ინდიელებს, ფაქტობრივად, ვერ იმორჩილებდნენ, ამიტომ ისინი პლანტაციებზე მონა ზანგებს ამუშავებდნენ, რომლებსაც აფრიკის კონტინენტზე ადგილობრივი ტომის ბელადები მაჰმადიან ვაჭრებზე ჰყიდნენ, ხოლო ვაჭრები კი, თავის მხრივ, სხვადასხვა იმპერიული და კოლონიური რეჟიმის ქვეყანაზე. მონებზე დაშენებული ეკონომიკა სწრაფად ვითარდებოდა. ისინი ფიზიკურად ძლიერნი, ჯანმრთელნი და გამოწვრთნილნი იყვნენ და აფრიკის კონტინენტისთვის დამახასიათებელი კლიმატური პირობების გათვალისწინებით, მზეშიც და აუტანელ პირობებშიც არ ერიდებოდნენ მუხლჩართულ შრომას.

სიტუაციას კიდევ უფრო ართულებდა კოლონიებში ინგლისელი დამპყრობლების მიერ დაწესებული მაღალი გადასახადი და ბეგარა, რომელიც გაუსაძლის მდგომარეობაში ამყოფებდა ისედაც მრავალგზის შევიწროებულ მოსახლეობას. 1775 წელს მასაჩუტესში დაპირისპირებულ მხარეებს შორის პირველი სერიოზული შეტაკება მოხდა. საზოგადოება ორ დაპირისპირებულ ბანაკად გაიყო. ტორებად, რომელშიც ადამიანთა ის ჯგუფი გაერთიანდა, რომლებიც ინგლისის რეჟიმისადმი და, შესაბამისად, მეფის ხელისუფლებისადმი ლოიალურად იყვნენ განწყობილნი და ვიგებად, ანუ პატრიოტებად, რომლებიც ინგლისის ბატონობისგან გათავისუფლებასა და დამოუკიდებლობას მოითხოვდნენ. მალევე, ფილადელფიის მეორე კონტინენტური კონგრესის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შედეგად განმათავისუფლებელი მოძრაობის არმია შეიქმნა, რომელსაც სათავეში გამოჩენილი სამხედრო პირი ჯორჯ ვაშინგტონი ჩაუდგა.

1776 წლის 4 ივლისს 13 ბრიტანული კოლონია დამოუკიდებელ შტატად გამოცხადდა. დამტკიცდა აშშ-ის დამოუკიდებლობის დეკლარაცია, რომლის მთავარი არქიტექტორი და სულისჩამდგმელი გახლდათ შეერთებული შტატების რიგით მესამე პრეზიდენტი - თომას ჯეფერსონი. დეკლარაცია ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების ერთგვარ სიმბოლოდ იქცა. თომას ჯეფერსონი წერდა, რომ არსებობს გარკვეული „ღვთისგან ბოძებული“ ხელშეუვალი უფლებები, რომლის ხელყოფა არავის ძალუძს. ესენია: სიცოცხლე, ჯანმრთელობა და ბედნიერებისკენ სწრაფვა. მნიშვნელოვანია ხაზგასმით აღინიშნოს, სიცოცხლე, ჯანმრთელობა, საკუთრება და თავისუფლება თანამედროვე ლიბერალიზმის მამად აღიარებული, ცნობილი ინგლისელი მოაზროვნის ჯონ ლოკის უნივერსალური ღირებულებებია. ლოკის ფუნდამენტურ უფლებებს თომას ჯეფერსონმა დაამატა „ბედნიერებისკენ სწრაფვა“.

ამერიკის დამოუკიდებლობის დეკლარაციამ დაგმო კოლონიალიზმი და კოლონიური ჩაგვრა. კაცობრიობის ისტორიაში პირველად „მოისპო ფეოდალური წოდებები და დამყარდა პოლიტიკური თანამდებობები“. ამრიგად, ჩრდილოეთ ამერიკის ტერიტორიაზე შეიქმნა ახალი სახელმწიფო - ამერიკის შეერთებული შტატები, ხოლო 4  ივლისი, ამერიკის დამოუკიდებლობის დეკლარაციის მიღების თარიღი, ეროვნულ დღესასწაულად გამოცხადდა. შეადგინეს შტატების ეროვნული სიმბოლიკა, რომელზეც ცამეტი ვარსკვლავი გამოსახეს, ცამეტი კოლონიის აღსანიშნავად. დღეს შეერთებული შტატების დროშას ორმოცდაათი ვარსკვლავი ამშვენებს, რაც სიმბოლურად ამერიკის ორმოცდაათ შტატს აღნიშნავს.

1774 წლიდან ქვეყანამ დიდი გზა განვლო და მსოფლიო წესრიგის მთავარ გარანტორად იქცა, იმ გლობალური წესრიგის, რომლის მთავარი არქიტექტორი სწორედ შეერთებული შტატებია. ამერიკა პირველ და მეორე მსოფლიო ომში, ასევე, „ცივ ომში“ გამარჯვებული ქვეყანა და უნივერსალური ლიბერალურ-დემოკრატიული ღირებულებების მთავარი ქვაკუთხედია, რომელსაც ჯერ კიდევ 1989 წელს, როდესაც ის-ის იყო საბჭოთა კავშირი იშლებოდა, იაპონური წარმოშობის ამერიკელმა მეცნიერმა ფრენსის ფუკუიამამ „კაცობრიობის სოციო-კულტურული ევოლუციის საბოლოო ეტაპი და ადამიანური მმართველის უკანასკნელი ფორმა უწოდა“. მეცნიერის თქმით, მმართველობის ლიბერალურ-დემოკრატიულ ფორმას ისტორიული პრეცედენტი არ გააჩნია.

დიადი ამერიკის იდეას ქვეყნის სწორედ იმ პრეზიდენტებმა შეასხეს ფრთები, რომლებიც აშშ-ის წინსვლისა და განვითარების გზად ჰუმანიზმი, სხვა ერებისა და ხალხების პატივისცემა და დახმარება დაისახეს. შემთხვევითი არც ის იყო ისიც, რომ შეერთებული შტატების მოქმედმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ამერიკის დამოუკიდებლობის დღე რაშმორის მთის ეროვნულ მემორიალთან აღნიშნა, რომელიც ამერიკის დაბადების, გაზრდის, განვითარებისა და თვითმყოფადობის სიმბოლოა და  რომელზეც  შეერთებული შტატების ოთხი გენიალური პრეზიდენტის ჯორჯ ვაშინგტონის, თომას ჯეფერსონის, აბრაამ ლინკოლნისა და თეოდორ რუზველტის სახეებია ამოტვიფრული. 

2021 წ.