ეკატერინე ლომია

asd

რა სურს პუტინის რუსეთს: არალიბერალური თუ სუვერენული დემოკრატია?

ეკატერინე ლომია

საქართველოს მეცნიერთა საბჭოს წევრი

პოლიტიკის მეცნიერების დოქტორანტი

 

1991 წლის 21 დეკემბერს საბჭოთა კავშირის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი გარდატეხა მოხდა. კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი გაერთიანება, რომელიც უზარმაზარ ტერიტორიაზე იყო გადაჭიმული და სამხრეთ კავკასიის, ცენტრალური აზიის, აღმოსავლეთ ევროპისა და ბალტიისპირა სახელმწიფოებს აერთიანებდა, უზენაესი საბჭოს გადაწყვეტილებით, დაიშალა. დასავლეთის სამეცნიერო წრეებში მომწიფდა შეხედულება, რომ „ცივი ომის“ დასრულებითა და საბჭოთა კავშირის დაშლით ისტორია დასრულდა, როგორც „კაცობრიობის სოციო-კულტურული განვითარების საბოლოო ეტაპი და ადამიანური მმართველობის უკანასკნელი ფორმა“. ამერიკელი პოლიტოლოგი ფრენსის ფუკუიამა ამტკიცებდა დასავლური ლიბერალური დემოკრატიის უპირობო პრიმატს საბჭოთა სოციალიზმზე და მიიჩნევდა, რომ კაპიტალისტურმა სისტემამ ეკონომიკური დოვლათი მოუტანა ე.წ. „მესამე სამყაროს“ ნაკლებად განვითარებულ და ჩამორჩენილ ქვეყნებსაც კი.

ტერმინი „ცივი ომი“ აღნიშნავდა ისეთ ბიპოლარულ სისტემას, როდესაც დაპირისპირებულ - კაპიტალისტურ და სოციალისტურ ბანაკებს შორის არც ომი იყო და არც მშვიდობა. ტერმინი პირველად ამერიკელმა მეცნიერმა ჰ. სვოუპმა გამოიყენა, რომელიც, მალევე, ფართოდ გავრცელდა სამეცნიერო და პოლიტიკურ ელიტებში. სწორედ „ცივი ომის“ პრუდუქტებია: სამხედრო ხარჯებისა და შეიარაღების უპრეცედენტო ზრდა; სამხედრო ბაზების ზრდა; ბირთვული არსენალის განვითარება და სხვ. დაპირისპირებულ მხარეებს შორის მუდმივად არსებობდა სამხედრო დაპირისპირების რეალური საფრთხე, ერთპიროვნული ჰეგემონობის მოპოვებისა და მსოფლიო ხელისუფლების ჩამოყალიბების მიზნით. ბერლინის კრიზისი, კარიბის კრიზისი, ვიეტნამის ომი, ჩეხოსლოვაკიის ოკუპაცია და ა.შ. ზემოაღნიშნულის კლასიკური მაგალითებია, როდესაც შეერთებული შტატებისა  და საბჭოთა კავშირის ინტერესთა დაპირისპირებამ არაერთი კრიზისული სიტუაცია შექმნა „მესამე სამყაროს“ ქვეყნებში.

მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელ საზოგადოებაში გარკვეული პოლიტიკური ჯგუფების მიერ იოსებ სტალინის კულტის რომანტიზება ჩვეულ მოვლენას წარმოადგენს, სტალინის მიერ ჩამოყალიბებულმა სისტემამ, რომელიც გერმანელი მეცნიერების კარლ მარქსისა და ფრიდრიხ ენგელსის ეკონომიკურ ფილოსოფიას ეფუძნებოდა, საბოლოოდ, მისივე მიერ მოდერნიზებული სისტემის რღვევა გამოიწვია. ცენტრალიზებულმა დაგეგმარებამ და  კოლექტიურ შრომაზე დაფუძნებულმა ეკონომიკამ  გრძელვადიან პერსპექტივაში ეფექტიანობა და მდგრადობა ვერ შეინარჩუნა. მაშინ, როდესაც დასავლურ საზოგადოებაში ავტომობილები, ტელევიზორები, სარეცხი მანქანები და სხვა საყოფაცხოვრებო გამოყენების საშუალებები მოსახლეობის საშუალო ფენისთვისაც ჩვეულებრივ მოვლენას წარმოადგენდა, ამ დროს, საბჭოთა კავშირი პირველადი მოთხოვნის საქონელს ვერ აწარმოებდა და ცხადია, იგი კონკურენციას ვერც უწევდა ცივილიზებულ ამერიკას. კერძო მეწარმეობაზე, თავისუფალ ბაზარსა და მატერიალურ სტიმულირებაზე დაფუძნებილი ეკონომიკა სწრაფად ვითარდებოდა და უფრო და უფრო მეტად იზიდავდა „ამერიკული ოცნების“ იდეით  შთაგონებულ  ადამიანებს, რომელიც ჯეიმს ადამსმა მის ცნობილ ტრაქტაქტში - „The Epic of America” განმარტა, როგორც - „ოცნება ქვეყანაზე, სადაც ყველა ადამიანის ცხოვრება იქნება უფრო უკეთესი და უფრო მდიდრული... სადაც ყველას ექნება საშუალება მიიღოს ის, რასაც იმსახურებს“.

საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის დაშლის შემდეგ, ინტელექტუალურად მოაზროვნე პოლიტიკურ ელიტას ღრმად სწამდა, რომ დასრულდებოდა რუსეთის მრავალსაუკუნოვანი ავტორიტარული რეჟიმი და საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრე ქვეყანა განვითარების პრაგმატულ გზას დაადგებოდა, რომლის უმთავრესი ქვაკუთხედი სწორედ ქვეყნის დემოკრატიზაცია და ლიბერალიზაცია იქნებოდა. მათ არგუმენტს ამყარებდა მოსაზრება, რომ სწორედ აღნიშნულ მიზანს ემსახურებოდა მიხეილ გორბაჩოვის ე.წ. „პერესტროიკა“ (გარდაქმნის პოლიტიკა) და ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვან ცვლილებებს უკვე საფუძველი ეყრებოდა.

ბორის ელცინმა, რომელმაც გორბაჩოვის წინააღმდეგ მოწყობილი წარმატებული პუტჩის შემდეგ, მისივე თქმით, „რუსეთის აღდგენისა და განახლებისკენ“  მიმართული ახალი რეალობა აუწყა თანამოქალაქეებს, ფაქტობრივად, უფრო გაამყარა ქვეყანაში ავტორიტარული რეჟიმი. რუსეთის დემოკრატიზაციის პროცესი ისევ უშედეგოდ დასრულდა. უფრო მეტიც, ელცინის მმართველობა რუსულ საზოგადოებაში მუდმივად ასოცირდება კორუფციასთან, კრიმინალსა და სიღარიბესთან. დღეს, ისტორიკოსთა დიდი ნაწილი, სწორედ ელცინის პერსონას უკავშირებს საქართველოში 1992-1993 წლებში განვითარებულ მოვლენებს, როდესაც რუსეთის ხელისუფლებამ მის ხელთ არსებული ყველა ქმედითი ბერკეტი საქართველოში მიმდინარე ეთნიკური კონფლიქტის ესკალაციისა და ქვეყანაში შექმნილი დესტაბილიზაციის წახალისებისთვის გამოიყენა.

ვლადიმერ პუტინის, რუსეთის, ჯერ პრემიერად, ხოლო შემდეგ კი - პრეზიდენტად მოვლენით ახალი ეპოქა იწყება რუსეთის ისტორიაში, რომელიც მკვლევართა დიდი ნაწილის მოსაზრებით, სხვა არაფერია, თუ არა „ცარისტული“ რუსული მემკვიდრეობის გაგრძელება, რომელიც სურკოვის „სუვერენული დემოკრატიის“ ნიღაბსაა ამოფარებული და, რეალურად, მას არაფერი აქვს საერთო სუვერენიტეტის პრინციპებთან და, მით უმეტეს -  არც დემოკრატიასთან.

„სუვერენული დემოკრატიის“ კონცეფცია ეკუთვნის ვლადისლავ სურკოვს, რომელიც 1999-2011 წლებში პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილე და კრემლის მთავარი იდეოლოგი იყო. სურკოვის მიხედვით, „სუვერენული დემოკრატია“ ეს არის მმართველობის განსაკუთრებული და უნივერსალური ფორმა, რომელშიც ძალაუფლება ერთი ადამიანის ხელშია თავმოყრილი; იგი არის ქვეყანაში კეთილდღეობისა და მშვიდობის მთავარი გარანტორი, ხოლო ხელისუფლებას ირჩევს „მხოლოდ და მხოლოდ რუსი ერი“, ყოველგვარი გარე ჩარევის გარეშე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სურკოვი ამტკიცებდა, რომ რუსეთი გარე სამყაროსგან აბსოლუტურად თავისუფალია და მას დემოკრატიის მხოლოდ მისთვის (რუსეთისთვის) დამახასიათებელი მოდელი აქვს შემუშავებული. რეალურად კი, იგი მმართველობის ავტორიტარული ტიპის ჩამოყალიბებასა და დასავლური ლიბერალური დემოკრატიისგან „მტრის ხატის“ შექმნას ისახავდა მიზნად.  

რეალურად, პუტინს მძიმე პოლიტიკური მემკვიდრეობა ხვდა წილად. ელცინის მიერ განხორცილებული ომების შედეგად (ჩეჩნეთის პირველი და მეორე ომი 1994 და 1999 წლებში) რუსეთის მილიონიანი სამხედრო არმია, ფაქტობრივად, დემორალიზებული იყო და რუსული ქონების დიდ ნაწილს ოლიგარქები ფლობდნენ. რუსეთის პირველი მეფის, ივანე IV-ის მსგავსად, რომელმაც 1565 წელს, თავისი ძააუფლების გასამყარებლად ე.წ. „ოპრიჩნინა“ წამოიწყო, რაც მისი ქვეშევრდომებისა და იერარქიულად დაბალ საფეხურზე მდგომი მაღალჩინოსნების უმოწყალო ხოცვა-ჟლეტაში გამოიხატებოდა, პუტინმაც სახელმწიფოებრივი საქმიანობა ოლიგარქების „განადგურებით“ დაიწყო და ამით უფრო განამტკიცა ერთპიროვნული მმართველობა.

ახლადარჩეული პრეზიდენტი, თავის ერთ-ერთ ინტერვიუში სევდიანად აღნიშნავდა, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა, XX საუკუნის უდიდესი გეოპოლიტიკური კატასტროფა იყო, ხოლო ბორის ელცინის მმართველობის პერიოდს მან „სამარცხვინო“ უწოდა, რომელმაც ჩრდილი მიაყენა რუსეთის მრავალსაუკუნოვან და „საამაყო“ ისტორიულ წარსულს. ჯერ კიდევ 2002-2003 წლებში, სამეცნიერო ნაშრომთა დიდი ნაწილი დაეთმო პუტინის პიროვნების შესწავლას. მეცნიერები ერთმნიშვნელოვნად იზიარებდნენ მოსაზრებას, რომ ვლადიმირ პუტინის ძირითად მიზანსა და ამოცანას არა ქვეყნის დემოკრატიული განვითარება, არამედ - დაკარგული რუსული ღირსების აღდგენა წარმოადგენდა, რომელიც ცდილობდა გადაერჩინა რუსეთის დაკარგული დიდება - დრო, როდესაც ქვეყანა ივანე მრისხანის, პეტრე პირველისა და ეკატერინე მეორის მმართველობის პერიოდში, დაპყრობითი ომების შედეგად, უზარმაზარ ტერიტორიებს ფლობდა.  სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თანამედროვე რეალობაში, პუტინი „ხისტი“ და „რბილი“ ძალის კომბინაციის შედეგად პოსტმოდერნული იმპერიალიზმის აღდგენას ისახავდა მიზნად.

რუსული ხისტი ძალის თვალსაჩინო მაგალითია რუსეთის სამხედრო ინტერვენცია საქართველოში 2008 წელს და კრემლის მიერ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება; მოგვიანებით კი - აღმოსავლეთ უკრაინაში დესტაბილიზაციის პროვოცირება და ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსია. რუსეთის სამხედრო ოპერაციებს პოსტსაბჭოთა სივრცეში მკაცრად გმობს საერთაშორისო საზოგადოება (მათ შორის, ევროკავშირი და გაერთიანებული ერების ორგანიზაცია) და მუდმივად მოუწოდებს პუტინის რუსეთს პატივი სცეს დამოუკიდებელი ქვეყნების სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და დამოუკიდებლობას.

უკრაინაში განვითარებული მოვლენების შემდეგ განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობას კრემლის „რბილი ძალა“, რომლის ერთგვარ წინასწარმეტყველად იქცა რუსი სამხედრო თეორეტიკოსის, რუსეთის გენშტაბის უფროსის ვალერი გერასიმოვის მიერ 2013 წელს გამოქვეყნებული სტატია „ახალი თაობის ომის წარმოების მეთოდები“. სტატიას ფართო რეზონანსი მოჰყვა მსოფლიო სამეცნიერო და პოლიტიკურ წრეებში. გერასიმოვი ამტკიცებს, რომ XXI საუკუნეში „ახალი თაობის ომი“ მიმდინარეობს ოთხ სივრცეში: ხმელეთზე, ჰაერში, ზღვაში და საინფორმაციო ველზე. პოლიტიკური და სამხედრო მიზნების მისაღწევად კი გამოიყება ჰიბრიდული ომის ისეთი მექანიზმები, როგორებიცაა: პარტიზანული და ასიმეტრიული, კონვენციური, კრიმინალური და კიბერ-ბრძოლის კოორდინირებული მეთოდები. ასევე, ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი მახასიათებელია, ინფორმაციული ომის საშუალებით, სამიზნე ჯგუფების პოლარიზება და საზოგადოებაში დესტაბილიზაციის პროვოცირება, ე. წ. „სიძულვილის ენის“ გაღვივება, რომელიც, თავის მხრივ, წარმოშობს ძალადობას და საზოგადოების გახლეჩას იწვევს. გერასიმოვი „არაბული გაზაფხულის“ მაგალითზე დაყრდნობით ასკვნის, რომ სწორედ ახალი თაობის ომის წარმოების მეთოდები იყო გამოყენებული „არაბული გაზაფხულის“ მოვლენების დროს, როდესაც კონფლიქტის გაღვივების საწის ეტაპზე სამხედრო ძალა ფარულად გამოიყენეს.

ზემოაღნიშნული მეთოდი პუტინის ხელისუფლებამ გამოიყენა აღმოსავლეთ უკრაინასა და ყირიმში განვითარებული მოვლენების დროს; საომარი მოქმედებების დაწყებას წინ უძღოდა საინფორმაციო ომის ელემენტები. ცნობილია, რომ 2013 წელს, დონეცკსა და ლუგანსკში მიმდიდარე სისხლიანი დაპირისპირების პარალელურად, რუსული მედიასაშუალებები აქტიურ პროპაგანდასა და ინფორმაციულ ომს აწარმოებდნენ უკრაინის ოპოზიციური ფრთის წინააღმდეგ, რომლებსაც ისინი ულტრამემარჯვენე, რადიკალურ რუსოფობებად წარმოაჩენდნენ და ამტკიცებდნენ, რომ მათი ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, პირდაპირი საფრთხე ექმნებოდათ უკრაინაში მცხოვრებ რუსულ მოსახლეობას. კრემლმა გააღვივა წინააღმდეგობა ახალი ხელისუფლების მიმართ და შექმნა დესტაბილიზაციის უპრეცედენტო კერები.

პარადოქსია, მაგრამ კომუნიზმის მარცხისა და საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთს, ფაქტობრივად, არ გააჩნია ერთიანი იდეოლოგია, ერის გაძლიერების ერთიანი, ცივილური ხედვა, რომელიც არ იქნება ორიენტირებული მეზობელი ქვენების სუვერენული ტერიტორიების მიტაცებასა და მრავალსაუკუნოვანი რუსული ცარისტულ-იმპერიალისტური ამბიციების რეალიზებაზე. ამასთანავე, პუტინის ხელისუფლება ვერ ხედავს ქვეყნის ეკონომიკური მოდერნიზაციის აუცილებლობას, რომელიც რუსულ ეკონომიკას უფრო კონკურენტუნარიანს გახდიდა გრძელვადიან პერსპექტივაში. ცნობილია, რომ რუსეთის საბიუჯეტო შემოსავლების უდიდესი ნაწილი, ბუნებრივი რესურსების (ნავთობისა და ბუნებრივი აირის) ექსპორტზეა დამოკიდებული, რაც, მას, თავის მხრივ, დამოკიდებულს ხდის საერთაშორისო ბაზარზე. რუსი შოვინისტების აზრით, მთელი სამყარო „ბოროტების მსახურია და მხოლოდ რუსული იმპერიაა კეთილის საწყისი კაცობრიობისთვის“. გასაკვირი არც არის, რომ რუსული გეოპოლიტიკის მამად აღიარებული, ალექსანდრე დუგინი უარყოფითადაა განწყობილი პეტრე პირველის მიმართ და თვლის, რომ მან გადაუხვია იმ გზას, რომელზეც რუსეთი საუკუნეების განმავლობაში იდგა. სწორედ პეტრე დიდმა (პირველმა) დაისახა მიზნად რუსული საზოგადოების ევროპულ ყაიდაზე მოდერნიზება. „სხვა ევროპულ ერებთან მიზნის მიღწევა კაცთმოყვარე ქცევითაა შესაძლებელი, რუსებთან კი სხვაგვარადაა... მე მაქვს საქმე არა ადამიანებთან, არამედ - მხეცებთან, რომლებიც მინდა ადამიანებად ვაქციო“, - სევდიანად აღნიშნავდა რუსეთის იმპერატორი. XXI საუკუნეში სადავო არავისთვისაა, რომ რუსეთი, დღეს, ისევ ადგას ბნელი შუა საუკუნეებისთვის დამახასიათებელი ექსპანსიონიზმის, მილიტარიზმისა და იმპერიალიზმის გზას; ხოლო ვლადიმერ პუტინმა საპრეზიდენტო მანდატი 2036 წლამდე გაიხანგრძლივა.

საგულისხმოა ცნობილი რუსი მოაზროვნის დიმიტრი ლიხაჩოვის სიტყვები: „არანაირი განსაკუთრებული მისია რუსეთს არ ჰქონია და არცა აქვს! არ არის საჭირო რუსეთისთვის ეროვნული იდეის ძიება - ეს მირაჟია. ცხოვრება ნაციონალური იდეით მიგვიყვანს ჯერ შეზღუდვამდე, შემდეგ კი გაჩნდება აუტანლობა უცხო რასის, უცხო ხალხების, უცხო რელიგიების წარმომადგენლობებისადმი. აუტანლობა კი აუცილებლად მიგვიყვანს ტერორთან. არც უნდა ვცდილობდეთ რუსეთის დაბრუნებას ერთიან იდეოლოგიამდე, რადგან ერთიანი იდეოლოგია ადრე თუ გვიან მიიყვანს რუსეთს ფაშიზმამდე“. 

14.08.2021